ამ ჩანაწერის გაკეთება დიდი ხანია მინდოდა, მერე გადამავიწყდა და ამას წინათ საინფორმაციო გამოშვებაში ნანახმა გამახსენა.
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი არის ”ანა ფრანკის დღიური”. 13 წლის გოგონას ასე განვითარებული, ჩამოყალიბებული აზროვნება და წერის სტილი ჰქონდეს იშვიათია. მან ზუსტად იცოდა რა უნდოდა ცხოვრებაში, რომ გაიზრდებოდა რა უნდა ეკეთებინა და რის მიღწევას აპირებდა. ჩემი აზრით ანა ფრანკის დაღუპვით მსოფლიომ გამორჩეული ქალი დაკარგა. მასში იგრძნობოდა ფემინისტური ელემენტები, ძლიერი ქალის ხასიათი. ანას არ დაუკარგავს თავი როცა ორი წლის განმავლობაში ოთხ კედელს შუა იყო გამოკეტილი და ფარდის გაწევის უფლებაც კი არ ჰქონიათ.
ამ გოგონას ოჯახმა თავის თავზე გადაიტანა მეორე მსოფლიო ომის სიმძიმე, გერმანიიდან გამოქცეულებმა თავი ჰოლანდიას შეაფარეს, სადაც სხვენში ცხოვრობდნენ გამოკეტილები სხვა ოჯახთან და კბილის ექიმთან ერთად, ანუ სულ 8 ადამიანი. მე არ მოგიყვებით თუ რა საშინელ ყოფაში იქნებოდნენ ეს ადამიანები, როგორ იმალებოდნენ რომ გესტაპოს არ შეემჩნიათ, რა საძაგლობას ჭამდნენ. ამ ყოფაში ანამ მაინც მოახერხა და იპოვა პირველი სიყვარული, არ შეუწყვეტია სწავლა-განათლების მიღება და წიგნების კითხვა, წერდა თავის დღიურს, რომელსაც ”კიწი” დაარქვა და თავის საუკეთესო მეგობრად გაიხადა.
ებრაელების ოჯახს ჰოლანდიელები ეხმარებოდნენ, ესენი იყვნენ: ელი ვოსენი, მიპ და ჰენკ ვან სანტენები, კრალერი და კოოპჰოისი. ბოლოს როცა გესტაპომ აღმოაჩინა მათი ადგილსამყოფელი არც ეს პიროვნებები დაინდო და ბანაკებში გაამწესა. თუმცა ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს.
ანა თავის დღიურს 1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე აწარმოებდა. 2 წელი იგი იტანდა სულის შემხუთველ მდგომარეობას, მეზობლების ჩხუბს. ძნელია იმაზე ლაპარაკი თუ ვინ გახდებოდა იგი ცოცხალი რომ გადარჩენილიყო, მაგრამ სამწუხაროდ გესტაპომ მათი სამალავი აღმოაჩინა და ისინი ბანაკში წაიყვანა. ანას ცხოვრების წაკითხვისას თვალწინ დამიდგა ჩემი უსაყვარლესი ფილმი პოლანსკის ”პიანისტი”.
ანა ფრანკი ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა, მარტში, ჰოლანდიის განთავისუფლებამდე ორი თვით ადრე.
ხოდა ამას წინათ ვნახე რომ 80 წლის ასაკში (მემგონი უფრო მეტის იყო) გარდაიცვალა ერთ-ერთი პიროვნება ვინც ამათ ეხმარებოდა. მინდა ვთქვა რომ არსებობს ანა ფრანკის მუზეუმი ამსტერდამში, სადაც ინახება ანას დღიური. ამსტერდამში თუ მოვხვდი ოდესმე აუცილელბად მოვინახულებ
აი ესეც ანას სურათი


