კოქტეილი მინდა!!! ცოტა დეპრესიული ჩანაწერი

30 03 2010

ეს რამდენიმე დღეა გამძაფრებულად მინდა კოქტეილი. რამდენჯერაც თვალს დავხუჭავ სულ წარმომიდგენია სხვადასხვა ფერის და ფორმის ჭიქაში ჩასხმული ლამაზად გაფორმებული სასმელი. ძალიან მინდა ვიჯდე სადმე ბარში, მყუდრო გარემოში უზარამაზარ პუფში ჩაფლული, ისმოდეს წყნარი მუსიკა, ძირითადად მარტივი ჯაზი, თვალები მქონდეს დახუჭული და კოქტეილს კოქტეილზე მივირთმევდე. წელიწადნახევარია არ დამილევია, იყო ერთი–ორი შემთხვევა, მაგრამ ისე არა როგორც მე მინდოდა.

საერთოდ მინდა მოვწყდე ყველაფერს. ერთი კვირა მაინც ვიძინო ისე როგორც მე მსურს, არ მქონდეს სახლი დასალაგებელი და საჭმელი გასაკეთებელი. ვიყო სრულ მარტოობაში, არავინ არ მინდა!!! თუმცა რამდენჯერაც დედამ ჩემი თომა დაიტოვა ერთი ღამით, მე რომ მეგონა დავისვენებ მეთქი, პირიქით უფრო დავიღალე ჩემი პატარას გარეშე, თავისი ფუმფულა ხელებით რომ არ მეფერებოდა სახეზე.

დეპრესია? ნევროზი? ალბათ ორივე ერთად. ქალებო არ ჩაჯდეთ სახლებში, თორემ ”ხატია” დაგემართებათ :)





აპრილის გეგმები

26 03 2010

მოვიდა გაზაფხული და ამ ამინდებმა თითქოს სულ სხვა ენერგია შემმატა. ბოლო პერიოში რატომღაც იმდენი გასავალი იყო ჩვენს პატარა ოჯახში, რომ ჩემი თავისთვის ვერ ვიცლიდი. ხოდა, გადავწყვიტე დავლაგდე და ჩამოვთვალო რა მინდა აპრილში რომ გავაკეთო. პირველ რიგში გადასაწყვეტი მაქვს გავაგრძელო აერობიკა, თუ გადავიდე იოგაზე ან ფიტნესზე. ვეღარ მომიფიქრებია. იოგა მინდა იმიტომ რომ აშკარად ტონუსში მოვა სხეული, ჯანმრთელობისთვისაც ძალიან კარგია, მითუმეტეს  ჩემს ხერხემალს სასწრაფო დახმარება სჭირდება, რადგან ბავშვის ხელში ჭერის გამო საშინლად მტკივა. ფიტნესი კი იმიტომ მხიბლავს რომ პრესს მალე დავამუშავებ. ავირიე, მირჩიეთ რამე…

ახლა გადავიდეთ თმის მოშორებაზე :) მივდივარ ჰეარ ჰაუსში და იქ არსებულ თმის მოცილების სამივე მეთოდს ვცდი საკუთარ თავზე.  ესენია: ელექტრო ეპილაცია, ბიო და მაზით. სახელი დამავიწყდა, გავიგებ და დავწერ.

რაც შეეხება ჩემი გულის ტკივილს, მგონი ამ თვეშიც ვერ ავალთ კოპალაში ჩვენი აბონიმენტებით და საცურაო აუზსაც ავცდები :( ძალიან არ მომწონს ეგ ამბავი.

კიდევ…ამეკვიატა აზრი რომ წვივზე პატარა ტატუ გავიკეთო. დაახლოებით ასეთი





ჩემი ფავორიტი ნიჭიერი

18 03 2010

მოგეხსენებათ საქართველოში დაწყებულმა ”ნიჭიერმა” უკვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ველი ხოლმე ორშაბათს რომ ვუყურო. ჩემში ინტერესს ის გამომსველები იწვევენ ვინც რაიმე ახალს აჩვენებს, სიმღერით და ცეკვით მაინცდამაინც ვერ ვკვირდები. რაღაც განსაკუთრებულს, ორიგინალურს და შოუს ელემენტებით ველოდები ხოლმე. თუნდაც ილუზიონისტები ავიღოთ, მომწონს ამ პატარა ბიჭების გამოსვლა.

ამ რამდენინე დღის წინ მეგობართან ვიყავით და იქ გავიგე ინფორმაცია რომ უკრაინაში გაიმარჯვა ერთმა გოგონამ, რომელიც ხატავს ქვიშით. დამაინტერესა და რაც ვნახე გავოგნდი ნამდვილად. უალამაზეს ისტორიებს ხატავს. ზუსტადაც ისტორიებს… გიყვება სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებას. ქსენია სიმონოვას მსგავსი ნიჭიერი რომ გამოჩენილიყო ჩვენთან გამიხარდებოდა. ნეტა საქართველოში ხატავს ვინმე ქვიშით? უყურეთ და ისიამოვნეთ.





მუსიკას ვუბრუნდები

9 03 2010

რაღაცნაირ განწყობაზე ვარ, არ ვიცი ამას რომანტიული ჰქვია თუ რა. მიზეზი მუსიკაა. ადრე თითქმის ყველგან სადაც შესაძლებლობა მექნებოდა სიმღერას ვუსმენდი, სახლში, გზაში, მანქანაში. ძირითადად ჰაუსს, კლუბურს და წყნარ მუსიკას. ამ ბოლო დროს შევამჩნიე რომ ჩემი ცხოვრებიდან სიმღერა გაქრა, აღარც დისკები, დიდი ხანია ცენტრი არ ჩამირთავს. ჩემს ფოლდერებს კომპიუტერში არ შემატებია ახალი ჰიტები და მარტო ის მაქვს რასაც ადრე ვაგროვებდი. მანქანაში სიწყნარეში შემიძლია ჯდომა.  არ ვიცი ამის მიზეზი რაა. ასე უცებ რა შეიცვალა.

წეღან კომპიუტერთან ჯდომისას ვფიქრობდი რომ გამითავდა იდეები ბლოგზე რამე დამეწერა, ამ ფიქრებში გავხსენი ძველი ფოლდერი და ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს სიმღერას წავაწყდი. იმოქმედა.. თან ძალიან. სადღაც შორს გადამაგდო, მედარდება რომ არ მაქვს უნარი გადმოვცე ჩემი ემოციები ბოლომდე რასაც მის მოსმენის დროს ვგრძნობ. გადავწყვიტე დღეიდან ისევ დავუბრუნდე მუსიკას და არასოდეს ამოვშალო ჩემი ცხოვრებიდან. დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს კონკრეტული სიმღერა რაღაცას გახსენებთ წარსულიდან და სასიამოვნო განწყობაზე გაყენებთ. ძველ დროს, მეგობრებს, ზაფხულს, განსაკუთრებულ მოვლენას, თუნდაც ძველ სიყვარულს …  :)

ასე რომ ამ ჩანაწერის ჩაკითხვის შემდეგ მოკალათდით სავარძლებში, ჩართეთ თქვენი საყვარელი სიმღერა და კიდევ ერთხელ მოუსმინეთ. ხოლო მათ ვისაც გიყვართ წყნარი, მშვიდი მუსიკა, ან არ გიყვართ მაგრამ ახლა ჩემნაირ უაზრო  რომანტიულ ხასიათზე ხართ, ჩააქრეთ შუქები, დახუჭეთ თვალები, იფიქრეთ რაიმე სასიამოვნოზე და მოუსმინეთ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ მელოდიას :)

ეს ორიგინალი.

ეს კი ქავერი. ორივე ძალიან მომწონს.





ექსპერიმენტები გარეგნობაში

6 03 2010

ყოველთვის მიყვარდა თავის მოვლის საშუალებები, ვარჯიშები, მასაჟები….და ა.შ. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.  თუმცა ყველასათვის ცნობილია, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტზეა დამოკიდებული, მაგრამ არსებობენ ქალები, რომელბსაც აქვთ შესაძლებლობა და აკლიათ აქტიურობა, სურვილი.  ახლა უცბად ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ფილმი გამახსენდა ჯიმ ქერის მონაწილეობით, მატყუარა ადვოკატი რომაა. როცა თავისი შვილი ეუბნება :  ”მამა მასწავლებელმა გვითხრა რომ მთავარი სულია და არა ფიზიკურობა”,  ქერი პასუხობს : ”შვილო ამას მხოლოდ მახინჯები ამბობენ”.  :)    რა თქმა უნდა გადამეტებულია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავის მოვლას და ჩაცმას, რაც საკუთარ თავში სიმტკიცეს გმატებს და ამის შედეგადაც აწყობ ცხოვრებას. ახლა ისე არ გამიგოთ მთავარია კარგად გამოვიყურებოდეთ და ყველაფერი სინზე დადებული მოგვივა ცხოვრებაში… :) მაგრამ დიდი გავლენა რომ აქვს ალბათ დამეთანხმებით.

აშკარად ვამჩნევ რომ მშობიარობის შემდეგ თავის მოვლის სურვილი ათასმაგად მაქვს გამძაფრებული. ალბათ ეს არის ერთგავრი დამტკიცება იმისა, რომ ნახეთ შვილიანი ქალი არაა აუცილებელი მარტო ხალათით, თამაგაბურძგნული დადიოდეს და ხელში ჩასვრილი პამპერსები ეჭიროს, პირიქით შეუძლია იაროს სალონში, ვარჯიშებზე, დაიბრუნოს ძველი ფორმა და ამასთან ერთად იყოს კარგი დედაც.

ამას წინათ ბევრი თქვენგანისთვის ცნობილ სალონში ”ჰეარჰაუსში” ვიყავი, უკვე დამიგროვდა რამდენიმე ვიზიტი და ნელ–ნელა ვხდები რომ ”ჩემი” სალონია. წარბები და მანიკური გავიკეთე. ჩემთვის წარბების გაკეთება ექსპერიმენტი იყო, რადგან არასოდეს მიხლია ხელი, რადგან ვთვლიდი რომ არაფერი მქონდა შესაცვლელი და გასაპუტი, რავიცოდი ასე თუ გაალამაზებდა  ქალბატონ ნატა. სულაც რომ არაფერი გქონდეთ გასაკეთებელი მარტო მისი ლაპარაკის მოსასმენად ღირს წასვლა. მერე მანიკურზე დავჯექი და  ბედნიერი გამოვედი, თითქოს რაღაც უარყოფით ენერგიას ტოვებ იქ, ხელახლა იბადები და თამამად დგავ ნაბიჯებს.

ასე რომ ქალბატონებო გისურვებთ რომ ყოველთვის გქონოდეთ იმის საშუალება და სურვილი, რომ მიხედოთ საკუთარ თავებს, იყოთ ლამაზები, მამაკაცის ოცნების ობიექტები და თავდაჯერებულები საკუთარ თავში.





ჩემი პირველი ”დედის დღე”

3 03 2010

დღეს ჩემს ცხოვრებაში პირველი დედის დღე იყო. თომა 7თვის და 26 დღისაა. სანამ ჩემს დღევანდელ დღეზე დავწერდე, მანამდე კი მცირე ისტორიას მოგიყვებით თუ საიდან წამოვიდა ”დედის დღის” აღნიშვნის ტრადიცია.

“დედის დღის” სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. უნდა ითქვას, რომ ლაპარაკია ამ დღესასწაულის თანამედროვე ფორმაზე, თორემ დედის დღის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იღებს.

დედის დღეს ამერიკის კონტინენტზე – პირველ წლებში მაინც – არაკომერციული მოსაზრებებით მართავდნენ. ჯერ ვინმე ენ იარვისს გასჩენია სურვილი, საგანგებო დღესასწაულით პატივი ეცა 1905 წლის მაისში, თვის მეორე კვირაში გარდაცვლილი დედისათვის, რომელიც თავის დროზე დაჟინებით მოითხოვდა ამერიკელი დედების პატივსაცემად საგანგებო დღესასწაულის შემოღებას. ასე, რომ ენ იარვისმა დედის მიერ დასახულ მიზანს მიაღწია: მან სულ რამდენიმე წელიწადში შეძლო მრავალრიცხოვანი თანამოაზრეების შემოკრება და ისეთი მონდომება გამოიჩინა, რომ 1914-ში აშშ-ში დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს. სწორედ მაშინ დაიწყო მამაკაცების – და არა მარტო მამაკაცების – ყოველწლიური სამაისო შტურმი ყვავილების მაღაზიებზე, შტურმი, რომელიც, “დედის დღესთან” ერთად, დროთა განმავლობაში ევროპის მრავალ ქვეყანას, მათ შორის ბრიტანეთს, სკანდინავიის სახელმწიფოებს, გერმანიას მოედო… საქართველოში კი ეს დღე მარტში აღინიშნება. ეს მოკლე ექსკურსი, ახლა კი ჩვენ დღევანდელ დღეზე.

ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემი თომას ჯანმრთელობა და ბედნიერებაა. ერთი მისი გაღიმება და ყველა პრობლემა ჩემთვის სადღაც შორს იკარგება, მისი პატარა მსუქანა თითების შეხება ჩემს სახეზე და ვგრძნობ რაღაც თბილი როგორ იღვრება გულში. დილით თავისებური სიმღერით გამაღვიძა, თან თმებს მწიწკნიდა. გიომ გაიყვანა და ცოტა ხნით ძილის საშუალება მომცა. მერე კი წავიდა. დავრჩით მარტო. ვეფერებოდი, ვფიქრობდი ნეტა შეგეძლოს ჩემი კოცნა, რომ ყველაზე დიდი საჩუქარი გამიკეთო თქო. ამასობაში ჩაგვეძინა. მერე გიო მოვიდა და გაიყვანა თომა, უცბად შემოვიდნენ ოთახში და აი სიურპრიზიც :) თომას მოცუცქნულ ხელებში ყოჩივარდები ეჭირა :) როგორ გამიხარდა, დაჭყეტილი მიყურებდა და ალბათ ფიქრობდა ნეტა რა აცინებს დედიკოსო :) დიდი მადლობა გიოს ამ პატარა ლამაზი საჩუქრისთვის. ჩემი ოჯახის მამაკაცები :) დამტრიალებდნენ თავს და მილოცავდნენ. კარგია ეს დღე რომ არსებობს, რა თქმა უნდა დედას ყოველ დღე განსაკუთრებულ პატივს უნდა ვცემდეთ და ვახარებდეთ, მაგრამ 3 მარტი ჩვენი საყვარელი დედიკოებისათვის კიდევ ერთხელ სიყვარულის დამტკიცების საშუალებას გვაძლევს.

ესეც თომიკა ყვავილებით, რომელიც დღეს პირველად ეჭირა ხელში და ბოლოს პუტვა დაუწყო, თან ფესვების ეშინოდა :)

მერე წავედით და ჩემს დედიკოს ვუყიდეთ საჩუქრები. ძალიან გაუხარდა, ერთი–ორიც იტირა :) მოკლედ ძალიან დადებითი ემოციებით დავიტვირთე დღეს. მე, გიო და თომამ ბევრი ვისეირნეთ, რაც იშვიათად ხდება ხოლმე გიოს დროის დეფიციტის გამო.

დედიკოებო და მომავალო დედიკოებო ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს,  დიდ ბედნიერებას გისურვებთ. პირველ რიგში კი თქვენი პატარების ჯანმრთელად ყოლას. არასოდეს გაეცრუებინოთ თქვენი იმედები. ყველაზე დიდი საჩუქარი ჩვენთვის ხომ მათი ღიმილია.








Follow

Get every new post delivered to your Inbox.