გილოცავ დედი დაბადების დღეს :))

10 07 2010

უკვე ვინ მოთვლის რამდენი ხანია ჩანაწერი არ გამიკეთებია, რატომღაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ფაქტების გამო სურვილი მქონდა დაკარგული. თუმცა ჩემმა პატარამ ისევ მომაბრუნა ბლოგისკენ :)

8 ივლისს თომა 1 წლის გახდა. მართალია ეს ჩანაწერი ძალიან პირადული სახისაა თუმცა, რომ არ გამეკეთებინა არ შემეძლო. დედი გილოცავ დაბედების დღეს, ჩემო სიყვარულო სიტყვებით ვერც კი გადმოვცემ იმას რაც მინდა, რომ გისურვო. ერთი იცოდე ჩემთვის სამყარო შენს გარშემო ტრიალებს და ცხოვრებაში რაც კი რამე გამაჩნია ყველაფერი შენია, შენ გეკუთვნის. ჩემი ყველაზე თბილი, ტკბილი და საოცარი არსება ხარ.

სხვათაშორის თომას სტუმრებიც ჰყავდა, მარი და სანდრო. ვიკიკოსაც ელოდებოდა, მაგრამ სოფელში წასულა და გული დაწყდა.მერე ტორტი შემოუტანა დედიკომ, რომლზეც ერთი სანთელი ენთო და ჩააქრო :)

დღეს კი სოფელში მივდივართ, გემშვიდობებით რაღაც პერიოდი და იმედია განახლებული იდეებით დავბრუნდები.





უსამართლობა კათარზისში

28 04 2010

ამ ჩანაწერის გაკეთებას სულ არ ვაპირებდი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში განვითრებულმა მოვლენებმა ძალიან შემძრა და არ შემეძლო, რომ ეს ასე საჯაროდ არ გამომეტანა.

ამას წინათ იმედზე  ”ჟურნალისტის დღიურის” გადაცემაში გავიდა სიუჟეტი უპატრონო მოხუცების შესახებ, რომლებსაც ქუჩაში სძინავთ და კათარზისში დადიან გამოსაკვებად.  შეგვძრა ამ ბებოების და პაპების ამბავმა, რომლებიც ნატრულობენ, რომ ღამის გასათევი ადგილი ჰქონდეთ, თბილ ლოგინში ეძინოთ. ამის შემდეგ ჩამოვყალიბდით გარკვეული ჯგუფი, რომლებცი რაღაცა სახით ვაპირებთ დახმარებას, თუმცა აქ არ დავიწყებ მაგის წერას, რადგან ჩვენი მიზანი არაა ამის განვრცობა და ხალხისთვის გაგებინება, არც ოფიციალური სახე არ მიგვიცია. მე აქ სულ სხვა რამის დაწერას ვაპირებ.

ჩვენი საქმიდან გამომდინარე შეხება უნდა გვქონოდა კათარზისთან. მე ამ ორგანიზაციაზე ძალიან სათნო წარმოდგენა მქონდა, რომ ყველანაირად ეხმარებოდნენ მოხუცებს და უზრუნველყოფდნენ მათ. მივედით… არის სამ სართულიანი შენობა, რომელიც საკმაოდ  სუფთად გამოიყურება, ქვედა სართულზე არის ჰოლი, სადაც სხედან საყვარელი ბებოები და პაპები, ჭორაობენ, უყურებენ ტელევიზორს, ასევე აქვთ სარეპეტიციო დარბაზი, საიდანაც მუსიკის ხმა გამოდიოდა. გაგვიხარდა, თუმცა გაკვირვება წინ გველოდა. ავედით ზედა სართულებზე და რას ვხედავ. განთავსებულია უამრავი კაბინეტი, უამრავი… ყოველ მათგანზე წარწერა ”დირექტორი”, ”დირექტორის მოადგილე”, ”სახლის დედა”… ამის შემდეგ ისმის კითხვა: ”რამდენ მოხუცს იტოვებთ ღამე?” და პასუხი ”12-ს”.

გული ჩამწყდა ამ უსამართლობით. ადამიანებო, მთელი დერეფნული სისტემა  დივნებით და სავარძლებით გაქვთ მოფენილი, გაქვთ სრულიად არასაჭირო კაბინეტები, იმის მაგივრად, რომ ცალ-ცალკე ოთახებში სხედხართ დირექტორი და მისი მოადგილე არ შეიძლება რომ ერთად იყოთ? ამის შედეგად, ხომ განთავუფლდება ერთი ადგილი და მოხუცებს დატევთ? რა ნამუსით მუშაობთ, როცა იცით ამ თავსხმა წვიმებში ვიღაცა საწყალ მოხუცს ქუჩაში სძინავს და იყინება? გასაგებია, რომ ესეც სამუშაოა, კი გატონო, აიღეთ ხელფასები, აითვისეთ  თანხა შემოსაწირებიდან და დაფინანსებიდან, მაგრამ ასე უსულგულოდ როგორ შეიძლება? არ ვიცი, ძალიან ცუდად ვარ. დავდივარ და ამ ხალხის სახე მიდგას თვალწინ. არც მინდ აბევრი ვწერო, სახელების და გვარების ჩამოთვლისაგან თავს ვიკავებ, არ მინდა პრობლემები, რადგან კეთილი საქმე გვაქვს დაწყებული და მეშინია ამის გამო ხელი არ შეგვეშალოს, თორემ ძალიან დიდი პოსტის გაკეთებას ვაპირებდი ამ საკითხთან დაკავშირებით.

თქვენც დაბერდებით, არავის ვუსურვებ ასე მიტოვებულ სიბერეს, როცა კაციშვილი არ გყავს. იცით ერთი ბებო როგორ შემოგვყურებდა? 2 წლის ბავშვიით, რომელიც რაღაცას ელოდება შენგან, მისი თვალები არასოდეს დამავიწყდება, რატომ უნდა ეძინოს გარეთ? როცა არის შესაძლებლობა იმისა რომ გაკეთდეს ოთახები.

.

ბოდიში არეულ ჩანაწერზე. ცუდათ ვარ ამ ყველაფრის გამო.





მივიწყებული ბლოგი და დაღლილი მე

15 04 2010

ერთხელ უკვე დავდე პირობა, რომ ჩემს ბლოგს ხშირად მივხედავდი ხოლმე, მაგრამ მაინც დავარღვიე :( თუმცა ვფიქრობ, რომ ფრიად საპატიო მიზეზების გამო.  გადაწყვეტილება მივიღეთ სხვაგან გადავსულიყავით საცხოვრებლად, რა თქმა უნდა ქირით. ჩვენი ბინა, რომელიც მშენებარეა ალბათ 3 საუკუნის მერე ჩაგვბარდება, რადგან სულ გაჩერებულია. ახლა კი წარმოიდგინეთ რა პროცესია 3 ოთხანიანი ბინის დაცლა და ჩაბარგება, ამას პლიუს როცა სახლში 9 თვის ბავშვი გყავს, მართალია ჩემი მული მეხმარებოდა, მაგრამ მას თომა ებარა, რადგან იმ ასაკშია 100 %–იან ყურადღებას ითხოვს.

საშინლად დავიღალე, ყველა ორგანო ამტკივდა, ხელებში ძალა აღარ მქონდა. დამღლელი პროცესია :( სად რა წამეღო აღარ ვიცოდი, ცალკე იმაზე დარდი მკლავდა, რომ თომა ამ მტვერში იყო 3 დღე. როგორც იქნა ჩავალაგე და სანზონაში გიოსებთან გადმოვედით 2 კვირით, შემდეგი 2 კვირა კი ჩემებთან ვიქნებით, ანუ სანამ ახალ ბინას არ ვიქირავებთ. მომთაბარე ოჯახი ვართ, ციგნები :) ისღა მაკლია თომა ზურგზე წამოვიკიდო ტომარით და ეგრე ვიარო :) დიდი მადლობა ცენტრ პოინტს ჩემი წამებისთვის.

ვიწუწუნე და ცოტა მომეშვა. ერთი–ორი თემა მაქვს ბლოგისთვის დასაწერი, რაღაც იდეაც მაქვს, მაგრამ ჯერ ცოტას დავისვენებ და მერე გაგაცნობთ. ამ დღეებში გავალ სალონში და თავს მოვიწესრიგებ, დამეთანხმება ყველა ქალი ეგ რელაქსაციის ერთ–ერთი საუკეთესო ნაბიჯია.





ჩანაწერი ეძღვნება ჩემს თავს :) გილოცავ დაბადების დღეს.

4 04 2010

პირველ რიგში გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!

მეორე რიგში კი გილოცავ დაბადების დღეს ჩემო თავო :) დღეს შენ დიდი გოგო გახდი, 22 წლის. გახსოვს თინეიჯერობის პერიოდში 12 საათს რომ გადასცდებოდა ხოლმე და ”ვიღაც–ვიღაცეები” ერთმანეთს რომ ასწრებდნენ მოლოცვას? :)   გუშინ ღამეც მაგის იმედით დაუწიე მობილურს ხმა, ელოდებოდი უამრავი ესემესი მოვიდოდა და თომას არ გაეღვიძა რომელსაც შენს გვერდით ეძინა.  და ჰოი საოცრებავ… :) გახდა პირველის ნახევარი და მხოლოდ  დაქალს ჰქონდა მოწერილი, შენც ადექი და გიოს (ქმარს) ურცხვად შესჩივლე, რომ ადრე ბევრი თაყვანისცემელი მიმესიჯებდა და ახლა სად გაქრა ის ხალხიო?! :)

შენს გვერდით მხოლოდ ის ხალხი დარჩა ვისაც რეალურად უყვარხარ და შენთან უნდა. არ ინერვიულო, სამაგიეროდ პირველი დაბადების დღე გაგითენდა როცა გვერდით ყველაზე ყველაზე საოცარი არსება გყავს, თომა. ან მარტო ის რად ღირდა შენმა გიომ რომ ტკბილად მოგილოცა. ბოლოსდაბოლოს რა საჩუქარი გაგიკეთა, რამდენი ხნის ოცნება აგიხდინა.

არც იმაზე ინერვიულო, რომ დღევანდელი დღის გეგმები სულ ჩაგეშალა იმის გამო რომ პატარა ავად გაგიხდა და სიცხემ აუწია. მთავარია თომა გყავდეს კარგად და სხვა დროსაც მოასწრებ გართობას.

ჩემო თავო, პირველ რიგში გისურვებ რომ უფლის გზა გეპოვნოს, ასევე ჯანმრთელობას შენი და შენი საყვარელი ადამიანების, გისურვებ რომ მოახდინო შენი თავის რეალიზება და გახდე წარმატებული ადამიანი როგორც პროფესიული თვალსაზრისით ასევე პირად ცხოვრებაში, ყოფილიყავი მუდამ საყვარელი, სასურველი ცოლი და სუპერ სუპერ დედა :) და დღეს რომ გაიფიქრე ჩუმად შენს გულში რაც 22 წლის ასაკისთვის დაგეგმილი გქონდა და იმის ნახევარიც ვერ გააკეთე, დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგესწროს.





კოქტეილი მინდა!!! ცოტა დეპრესიული ჩანაწერი

30 03 2010

ეს რამდენიმე დღეა გამძაფრებულად მინდა კოქტეილი. რამდენჯერაც თვალს დავხუჭავ სულ წარმომიდგენია სხვადასხვა ფერის და ფორმის ჭიქაში ჩასხმული ლამაზად გაფორმებული სასმელი. ძალიან მინდა ვიჯდე სადმე ბარში, მყუდრო გარემოში უზარამაზარ პუფში ჩაფლული, ისმოდეს წყნარი მუსიკა, ძირითადად მარტივი ჯაზი, თვალები მქონდეს დახუჭული და კოქტეილს კოქტეილზე მივირთმევდე. წელიწადნახევარია არ დამილევია, იყო ერთი–ორი შემთხვევა, მაგრამ ისე არა როგორც მე მინდოდა.

საერთოდ მინდა მოვწყდე ყველაფერს. ერთი კვირა მაინც ვიძინო ისე როგორც მე მსურს, არ მქონდეს სახლი დასალაგებელი და საჭმელი გასაკეთებელი. ვიყო სრულ მარტოობაში, არავინ არ მინდა!!! თუმცა რამდენჯერაც დედამ ჩემი თომა დაიტოვა ერთი ღამით, მე რომ მეგონა დავისვენებ მეთქი, პირიქით უფრო დავიღალე ჩემი პატარას გარეშე, თავისი ფუმფულა ხელებით რომ არ მეფერებოდა სახეზე.

დეპრესია? ნევროზი? ალბათ ორივე ერთად. ქალებო არ ჩაჯდეთ სახლებში, თორემ ”ხატია” დაგემართებათ :)





აპრილის გეგმები

26 03 2010

მოვიდა გაზაფხული და ამ ამინდებმა თითქოს სულ სხვა ენერგია შემმატა. ბოლო პერიოში რატომღაც იმდენი გასავალი იყო ჩვენს პატარა ოჯახში, რომ ჩემი თავისთვის ვერ ვიცლიდი. ხოდა, გადავწყვიტე დავლაგდე და ჩამოვთვალო რა მინდა აპრილში რომ გავაკეთო. პირველ რიგში გადასაწყვეტი მაქვს გავაგრძელო აერობიკა, თუ გადავიდე იოგაზე ან ფიტნესზე. ვეღარ მომიფიქრებია. იოგა მინდა იმიტომ რომ აშკარად ტონუსში მოვა სხეული, ჯანმრთელობისთვისაც ძალიან კარგია, მითუმეტეს  ჩემს ხერხემალს სასწრაფო დახმარება სჭირდება, რადგან ბავშვის ხელში ჭერის გამო საშინლად მტკივა. ფიტნესი კი იმიტომ მხიბლავს რომ პრესს მალე დავამუშავებ. ავირიე, მირჩიეთ რამე…

ახლა გადავიდეთ თმის მოშორებაზე :) მივდივარ ჰეარ ჰაუსში და იქ არსებულ თმის მოცილების სამივე მეთოდს ვცდი საკუთარ თავზე.  ესენია: ელექტრო ეპილაცია, ბიო და მაზით. სახელი დამავიწყდა, გავიგებ და დავწერ.

რაც შეეხება ჩემი გულის ტკივილს, მგონი ამ თვეშიც ვერ ავალთ კოპალაში ჩვენი აბონიმენტებით და საცურაო აუზსაც ავცდები :( ძალიან არ მომწონს ეგ ამბავი.

კიდევ…ამეკვიატა აზრი რომ წვივზე პატარა ტატუ გავიკეთო. დაახლოებით ასეთი





ჩემი ფავორიტი ნიჭიერი

18 03 2010

მოგეხსენებათ საქართველოში დაწყებულმა ”ნიჭიერმა” უკვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ველი ხოლმე ორშაბათს რომ ვუყურო. ჩემში ინტერესს ის გამომსველები იწვევენ ვინც რაიმე ახალს აჩვენებს, სიმღერით და ცეკვით მაინცდამაინც ვერ ვკვირდები. რაღაც განსაკუთრებულს, ორიგინალურს და შოუს ელემენტებით ველოდები ხოლმე. თუნდაც ილუზიონისტები ავიღოთ, მომწონს ამ პატარა ბიჭების გამოსვლა.

ამ რამდენინე დღის წინ მეგობართან ვიყავით და იქ გავიგე ინფორმაცია რომ უკრაინაში გაიმარჯვა ერთმა გოგონამ, რომელიც ხატავს ქვიშით. დამაინტერესა და რაც ვნახე გავოგნდი ნამდვილად. უალამაზეს ისტორიებს ხატავს. ზუსტადაც ისტორიებს… გიყვება სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებას. ქსენია სიმონოვას მსგავსი ნიჭიერი რომ გამოჩენილიყო ჩვენთან გამიხარდებოდა. ნეტა საქართველოში ხატავს ვინმე ქვიშით? უყურეთ და ისიამოვნეთ.





მუსიკას ვუბრუნდები

9 03 2010

რაღაცნაირ განწყობაზე ვარ, არ ვიცი ამას რომანტიული ჰქვია თუ რა. მიზეზი მუსიკაა. ადრე თითქმის ყველგან სადაც შესაძლებლობა მექნებოდა სიმღერას ვუსმენდი, სახლში, გზაში, მანქანაში. ძირითადად ჰაუსს, კლუბურს და წყნარ მუსიკას. ამ ბოლო დროს შევამჩნიე რომ ჩემი ცხოვრებიდან სიმღერა გაქრა, აღარც დისკები, დიდი ხანია ცენტრი არ ჩამირთავს. ჩემს ფოლდერებს კომპიუტერში არ შემატებია ახალი ჰიტები და მარტო ის მაქვს რასაც ადრე ვაგროვებდი. მანქანაში სიწყნარეში შემიძლია ჯდომა.  არ ვიცი ამის მიზეზი რაა. ასე უცებ რა შეიცვალა.

წეღან კომპიუტერთან ჯდომისას ვფიქრობდი რომ გამითავდა იდეები ბლოგზე რამე დამეწერა, ამ ფიქრებში გავხსენი ძველი ფოლდერი და ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს სიმღერას წავაწყდი. იმოქმედა.. თან ძალიან. სადღაც შორს გადამაგდო, მედარდება რომ არ მაქვს უნარი გადმოვცე ჩემი ემოციები ბოლომდე რასაც მის მოსმენის დროს ვგრძნობ. გადავწყვიტე დღეიდან ისევ დავუბრუნდე მუსიკას და არასოდეს ამოვშალო ჩემი ცხოვრებიდან. დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს კონკრეტული სიმღერა რაღაცას გახსენებთ წარსულიდან და სასიამოვნო განწყობაზე გაყენებთ. ძველ დროს, მეგობრებს, ზაფხულს, განსაკუთრებულ მოვლენას, თუნდაც ძველ სიყვარულს …  :)

ასე რომ ამ ჩანაწერის ჩაკითხვის შემდეგ მოკალათდით სავარძლებში, ჩართეთ თქვენი საყვარელი სიმღერა და კიდევ ერთხელ მოუსმინეთ. ხოლო მათ ვისაც გიყვართ წყნარი, მშვიდი მუსიკა, ან არ გიყვართ მაგრამ ახლა ჩემნაირ უაზრო  რომანტიულ ხასიათზე ხართ, ჩააქრეთ შუქები, დახუჭეთ თვალები, იფიქრეთ რაიმე სასიამოვნოზე და მოუსმინეთ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ მელოდიას :)

ეს ორიგინალი.

ეს კი ქავერი. ორივე ძალიან მომწონს.





ექსპერიმენტები გარეგნობაში

6 03 2010

ყოველთვის მიყვარდა თავის მოვლის საშუალებები, ვარჯიშები, მასაჟები….და ა.შ. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.  თუმცა ყველასათვის ცნობილია, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტზეა დამოკიდებული, მაგრამ არსებობენ ქალები, რომელბსაც აქვთ შესაძლებლობა და აკლიათ აქტიურობა, სურვილი.  ახლა უცბად ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ფილმი გამახსენდა ჯიმ ქერის მონაწილეობით, მატყუარა ადვოკატი რომაა. როცა თავისი შვილი ეუბნება :  ”მამა მასწავლებელმა გვითხრა რომ მთავარი სულია და არა ფიზიკურობა”,  ქერი პასუხობს : ”შვილო ამას მხოლოდ მახინჯები ამბობენ”.  :)    რა თქმა უნდა გადამეტებულია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავის მოვლას და ჩაცმას, რაც საკუთარ თავში სიმტკიცეს გმატებს და ამის შედეგადაც აწყობ ცხოვრებას. ახლა ისე არ გამიგოთ მთავარია კარგად გამოვიყურებოდეთ და ყველაფერი სინზე დადებული მოგვივა ცხოვრებაში… :) მაგრამ დიდი გავლენა რომ აქვს ალბათ დამეთანხმებით.

აშკარად ვამჩნევ რომ მშობიარობის შემდეგ თავის მოვლის სურვილი ათასმაგად მაქვს გამძაფრებული. ალბათ ეს არის ერთგავრი დამტკიცება იმისა, რომ ნახეთ შვილიანი ქალი არაა აუცილებელი მარტო ხალათით, თამაგაბურძგნული დადიოდეს და ხელში ჩასვრილი პამპერსები ეჭიროს, პირიქით შეუძლია იაროს სალონში, ვარჯიშებზე, დაიბრუნოს ძველი ფორმა და ამასთან ერთად იყოს კარგი დედაც.

ამას წინათ ბევრი თქვენგანისთვის ცნობილ სალონში ”ჰეარჰაუსში” ვიყავი, უკვე დამიგროვდა რამდენიმე ვიზიტი და ნელ–ნელა ვხდები რომ ”ჩემი” სალონია. წარბები და მანიკური გავიკეთე. ჩემთვის წარბების გაკეთება ექსპერიმენტი იყო, რადგან არასოდეს მიხლია ხელი, რადგან ვთვლიდი რომ არაფერი მქონდა შესაცვლელი და გასაპუტი, რავიცოდი ასე თუ გაალამაზებდა  ქალბატონ ნატა. სულაც რომ არაფერი გქონდეთ გასაკეთებელი მარტო მისი ლაპარაკის მოსასმენად ღირს წასვლა. მერე მანიკურზე დავჯექი და  ბედნიერი გამოვედი, თითქოს რაღაც უარყოფით ენერგიას ტოვებ იქ, ხელახლა იბადები და თამამად დგავ ნაბიჯებს.

ასე რომ ქალბატონებო გისურვებთ რომ ყოველთვის გქონოდეთ იმის საშუალება და სურვილი, რომ მიხედოთ საკუთარ თავებს, იყოთ ლამაზები, მამაკაცის ოცნების ობიექტები და თავდაჯერებულები საკუთარ თავში.





ჩემი პირველი ”დედის დღე”

3 03 2010

დღეს ჩემს ცხოვრებაში პირველი დედის დღე იყო. თომა 7თვის და 26 დღისაა. სანამ ჩემს დღევანდელ დღეზე დავწერდე, მანამდე კი მცირე ისტორიას მოგიყვებით თუ საიდან წამოვიდა ”დედის დღის” აღნიშვნის ტრადიცია.

“დედის დღის” სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. უნდა ითქვას, რომ ლაპარაკია ამ დღესასწაულის თანამედროვე ფორმაზე, თორემ დედის დღის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იღებს.

დედის დღეს ამერიკის კონტინენტზე – პირველ წლებში მაინც – არაკომერციული მოსაზრებებით მართავდნენ. ჯერ ვინმე ენ იარვისს გასჩენია სურვილი, საგანგებო დღესასწაულით პატივი ეცა 1905 წლის მაისში, თვის მეორე კვირაში გარდაცვლილი დედისათვის, რომელიც თავის დროზე დაჟინებით მოითხოვდა ამერიკელი დედების პატივსაცემად საგანგებო დღესასწაულის შემოღებას. ასე, რომ ენ იარვისმა დედის მიერ დასახულ მიზანს მიაღწია: მან სულ რამდენიმე წელიწადში შეძლო მრავალრიცხოვანი თანამოაზრეების შემოკრება და ისეთი მონდომება გამოიჩინა, რომ 1914-ში აშშ-ში დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს. სწორედ მაშინ დაიწყო მამაკაცების – და არა მარტო მამაკაცების – ყოველწლიური სამაისო შტურმი ყვავილების მაღაზიებზე, შტურმი, რომელიც, “დედის დღესთან” ერთად, დროთა განმავლობაში ევროპის მრავალ ქვეყანას, მათ შორის ბრიტანეთს, სკანდინავიის სახელმწიფოებს, გერმანიას მოედო… საქართველოში კი ეს დღე მარტში აღინიშნება. ეს მოკლე ექსკურსი, ახლა კი ჩვენ დღევანდელ დღეზე.

ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემი თომას ჯანმრთელობა და ბედნიერებაა. ერთი მისი გაღიმება და ყველა პრობლემა ჩემთვის სადღაც შორს იკარგება, მისი პატარა მსუქანა თითების შეხება ჩემს სახეზე და ვგრძნობ რაღაც თბილი როგორ იღვრება გულში. დილით თავისებური სიმღერით გამაღვიძა, თან თმებს მწიწკნიდა. გიომ გაიყვანა და ცოტა ხნით ძილის საშუალება მომცა. მერე კი წავიდა. დავრჩით მარტო. ვეფერებოდი, ვფიქრობდი ნეტა შეგეძლოს ჩემი კოცნა, რომ ყველაზე დიდი საჩუქარი გამიკეთო თქო. ამასობაში ჩაგვეძინა. მერე გიო მოვიდა და გაიყვანა თომა, უცბად შემოვიდნენ ოთახში და აი სიურპრიზიც :) თომას მოცუცქნულ ხელებში ყოჩივარდები ეჭირა :) როგორ გამიხარდა, დაჭყეტილი მიყურებდა და ალბათ ფიქრობდა ნეტა რა აცინებს დედიკოსო :) დიდი მადლობა გიოს ამ პატარა ლამაზი საჩუქრისთვის. ჩემი ოჯახის მამაკაცები :) დამტრიალებდნენ თავს და მილოცავდნენ. კარგია ეს დღე რომ არსებობს, რა თქმა უნდა დედას ყოველ დღე განსაკუთრებულ პატივს უნდა ვცემდეთ და ვახარებდეთ, მაგრამ 3 მარტი ჩვენი საყვარელი დედიკოებისათვის კიდევ ერთხელ სიყვარულის დამტკიცების საშუალებას გვაძლევს.

ესეც თომიკა ყვავილებით, რომელიც დღეს პირველად ეჭირა ხელში და ბოლოს პუტვა დაუწყო, თან ფესვების ეშინოდა :)

მერე წავედით და ჩემს დედიკოს ვუყიდეთ საჩუქრები. ძალიან გაუხარდა, ერთი–ორიც იტირა :) მოკლედ ძალიან დადებითი ემოციებით დავიტვირთე დღეს. მე, გიო და თომამ ბევრი ვისეირნეთ, რაც იშვიათად ხდება ხოლმე გიოს დროის დეფიციტის გამო.

დედიკოებო და მომავალო დედიკოებო ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს,  დიდ ბედნიერებას გისურვებთ. პირველ რიგში კი თქვენი პატარების ჯანმრთელად ყოლას. არასოდეს გაეცრუებინოთ თქვენი იმედები. ყველაზე დიდი საჩუქარი ჩვენთვის ხომ მათი ღიმილია.








Follow

Get every new post delivered to your Inbox.